წიგნის მოვლენების განვითარება იწყება 1995 წლის ზაფხულში. ჰარი პოტერი კვლავ დერსლებთან არის. მას შემდეგ, რაც დადლი მას დასცინის, გვირაბში ჩნდებიან დემენტორები. ჰარი იყენებს პატრონუსის შელოცვას, რის გამოც ღებულობს წერილს, სადაც მაგლების თანდასწრებით ჯადოქრობის გამო ჰოგვორტსიდან მისი გარიცხვის შესახებ წერია. დამბლდორის ძალისხმევით, მაგიის სამინისტროს გადაწყვეტილება გაუქმებულია, მაგრამ ჰარი უნდა დაესწროს დისციპლინარულ მოსმენას.
ლონდონში, გრიმოს მოედანზე არის დამალული სახლი #12. იქ იკრიბება დამბლდორის მიერ ჩამოყალიბებული ფენიქსის ორდენი. ჰარი შეიტყობს, რომ ვოლდემორის დაბრუნების არავის სჯერა და მას და ალბუსს შეშლილებად თვლიან. მოსმენის შემდეგ ჰარის ამართლებენ.
მეხუთე კურსი დაკავშირებულია ბეჯითობის უმაღლესი აღიარების (ბუა) გამოცდებთან. გარდა ამისა, ვინაიდან ბნელი ძალებისგან დაცვის ლექტორის პოზიცია კვლავ ვაკანტურია, სკოლაში ამ ადგილს იკავებს დოლორეს ამბრიჯი, მინისტრ ფაჯის თანაშემწე, რომელიც დაინტერესებული ამ საგნის მხოლოდ თეორიული ნაწილით. მასსა და ჰარის შორის კონფლიქტი იჩენს თავს მაშინ, როდესაც ჰარი ამტკიცებს, რომ ბნელი მბრძანებელი დაბრუნდა. სასჯელის მოხდის სახით მან ამბრიჯის მიერ მოცემულ ქაღალდზე უნდა დაწეროს ფრაზა ’მე არ უნდა მოვიტყუო’ - თუმცა ამ ფრაზის რამდენჯერმე დაწერასთან ერთად მის ხელზე იგივე ფრაზა იკაწრება.
ვინაიდან ამბრიჯს არ სურს, რომ ბავშვებმა პრაქტიკული მეცადინეობა გაიარონ, მოსწავლეები საიდუმლოდ აყალიბებენ ორგანიზაციას ’დამბლდორის არმია’. თუმცა, ამბრიჯის განკარგულებით, ყველა სტუდენტურმა გაერთიანებამ უნდა გაიაროს მისი აკრედიტაცია - შესაბამისად, „და“ (როგორც მას უწოდებენ) უკანონოდ ითვლება.
შობის წინ ჰარის ესიზმრება, თითქოს იგი გველია. აღმოჩნდება, რომ იგი ყველაფერს გველის თვალით ხედავს. სწორედ მისი ძალისხმევით გადაარჩენენ ართურ უისლის, რომელსაც გველი ესხმის. დამბლდორის მოთხოვნით სევერუს სნეიპი ჰარის ასწავლის ოკლუმენციის, ფიქრებში შეღწევისგან თავდაცვის ხელოვნებას. პოტერისათვის ეს რთული გაკვეთილებია. ერთ-ერთი ხილვისას იგი ყველაფერს ვოლდემორის თვალით ხედავს და ესიზმრება მაგიის სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილება.
ამბრიჯი შეიტყობს „და“-ს შესახებ და დამბლდორი იბრალებს ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბების ინიციატივას. იგი ქრება ჰოგვორტსიდან და მის ადგილს სკოლაში ამბრიჯი იკავებს. ოკლუმენციის ერთ-ერთი გაკვეთილის დროს სნეიპი ტოვებს თავის კაბინეტს და ჰარი იხედება მისი ყმაწვილობის მოგონებებში, სადაც იხილავს მამამისს, პიტერ პეტიგრიუსა და სირიუს ბლექს, რომლებიც სნეიპს დასცინიან.
ამბრიჯის კაბინეტიდან ჰარი ცდილობს, ბუხრით დაუკავშირდეს გრიმოს მოედანს (ვინაიდან ხილვებში ხედავდა, თუ როგორ აწამებდა სირიუსს ვოლდემორი), მაგრამ მას თავად დოლორესი შეუსწრებს. იგი აღიარებს, რომ დადლისა და ჰარიზე სპეციალურად გამოუშვა დემენტორები. ჰერმიონი არწმუნებს ამბრიჯს, თითქოს აკრძალულ ტყეში არის მათი საიდუმლო იარაღი. იქ მისულ ამბრიჯს იჭერენ კენტავრები.
რონი, ჯინი, ლუნა ლავგუდი და ნევილ ლონგბოტომი, ჰარისთან და ჰერმიონთან ერთად მიფრინავენ ლონდონში, მაგიის სამინისტროში. სირიუსს ვერ პოულობენ, თუმცა წინასწარმეტყველებათა დარბაზში პოულობენ ბურთულას ჰარისა და ვოლდემორის სახელებით. ამ დროს ჩნდებიან სიკვდილის მხვრელები. წინასწარმეტყველებას შემთხვევით ნევილი ამსხვრევს. ბავშვებს ეხმარებიან რიმუს ლუპინი, ნიმფადორა ტონკსი, კინგსლი შეკლბოტი, ალასტორ მუდი და სირიუსი. ბელატრისა ლესტრეინჯი კლავს სირიუსს.
პოტერი განრისხებული მისდევს ბელატრისას, მაგრამ ამ დროს ჩნდება თავად ვოლდემორი. გარდაუვალი ბრძოლისგან ჰარის გადაარჩენს უეცრად მოსული დამბლდორი. დარბაზში შემოდიან სამინისტროს წარმომადგენლები ფაჯთან ერთად. ამის გამო, მინისტრი იძულებულია, აღიაროს ვოლდემორის დაბრუნება და გადააყენოს ამბრიჯი ჰოგვორტსის დირექტორის თანამდებობიდან.
დამბლდორი აღიარებს ჰარის წინაშე, რომ ბლექის სიკვდილში თავად არის დამნაშავე, ვინაიდან მთელი წლის მანძილზე ერიდებოდა ჰარისთან საუბარს. ალბუსს იმედი ჰქონდა, რომ ვოლდემორი ასე შეწყვიტავდა მის ძიებას. მაგრამ ბნელმა მბრძანებელმა შესძლო ჰარის სამინისტროში შეტყუება. წინასწარმეტყველებაში კი საუბარი იყო ვოლდემორზე, რომლის ბედსაც უკავშირდება სხვა ადამიანის ბედი - ისეთი ადამიანის, რომელიც ვოლდემორის ნიშნით იქნა აღნიშნული და მანამდე იცოცხლებს, სანამ ვოლდემორი ცოცხალი იქნება (და პირიქით).
დემენტორები ვოლდემორის მხარეს გადადიან. ლუციუს მალფოი, რომელიც სიკვდილის მხვრელებთან ერთად არის, აზკაბანის პატიმარი ხდება. ამის გამო დრაკო მალფოის ჰარი უფრო მეტად ეზიზღება.
კინგს კროსის სადგურზე დაბრუნებული ჰარი, გარდა დერსლების ოჯახისა, აღმოაჩენს მუდის, ლუპინს, ტონკსს, ფრედ და ჯორჯ უისლებსა და მათ მშობლებს. ჯადოქრები აფრთხილებენძია ვერნონს, რომ ჰარიზე შემდგომში ზეწოლის შემთხვევაში, ისინი მას თავად მიხედავენ.
0 comments:
Post a Comment