ჭოლა ლომთათიძე მოკრძალებით ამბობდა: “მე მწერალი როდი ვარ”, ჩემი ნაწერი პოემა მხატვრული ნაწარმოები როდია, “უბრალო წერილებია გამწარებული ადამიანისა”, რომელიც საპყრობილეში ვერ ეტევა და მსოფლიოს ყველა ნამდვილი ადამიანის სიყვარულით იწვისო. იგი ოცნებობდა “მთელს ქვეყნიერებას და მსოფლიოს “მოჰფენოდა მის მიერ არაერთგზის მგრძნობიარედ და გულწრფელად ნათქვამი სიტყვები:”მე ყველა ჩაგრული, ყველა ადამიანი მიყვარსო!” “მრავალრიცხოვან მიტინგებზე, გაშლილ ცის ქვეშ, მებრძოლი პროლეტარიატის დროშის ფრიალის ცქერით, მე სალამი მივეცი თავისუფლებას”, – ამაყად აცხადებდა მწერალი, -”ვსწერ რაც გადავიტანე, რაც ვიხილე, ვსწერ საპყრობილის სურათებს, რომელშიაც ხანდახან გამოერევა ციხის გადაღმელი სურათებიც, უამისობა შეუძლებელიაო”(“უსათაურო”,”საპყრობილეში”).ჭოლა ლომთათიძის რეალისტურ-რომანტიკული შემოქმედება, მართლაც, სიცოცხლის, თავისუფლების, სამართლიანობის მოყვარე ადამიანის ავტობიოგრაფიაა. მისი განცდები და შთაბეჭდილებანია მისი სევდა და სიხარული.
სოციალ-დემოკრატი მწერლებიდან გამონაკლისად უნდა ჩაითვალოს ჭოლა ლომთათიძე, რომლის შემოქმედებაში კრიტიკულ რეალიზმთან შერწყმული სოციალისტური რეალიზმის ელემენტები იმპრესიონისტულ-ნეორომანტიკული ფორმით გვევლინება. მის ლირიკულ პროზას საფუძვლად უდევს პირადი განცდა და შთამბეჭდილება, რომელიც საზოგადოებრივი განწყობილებისა და იდეოლოგიის ნაწილია. დაუცხრომელი ოპტიმიზმით, რევოლუციური მასის გამარჯვების რწმენით და მისი დროებითი წარუმატებლობით გამოწვეული ფარული სევდითაა განმსჭვალული მწერლის ყოველი ფრაზა, ყოველი აზრი და განცდა. დიდმა ბუნებრივმა ნიჭმა და სინამდვილის ღრმა ფსიქოლოგიური განცდის უნარმა, იმპრესიონისტული და ნეორომანტიკულ-სიმბოლისტური პოეტიკის მიღწევათა გამოყენებამ შეაძლებინა ჭოლა ლომთათიძეს დაეძლია სოციალ-დემოკრატ პოეტთა ნატურალიზმი და შემოქმედებითად განევითარებინა ქართული კრიტიკული რეალიზმი. გადაჭარბებული ემოციურობის, მსოფლმხედველობრივი გაურკვევლობისა და კომპოზიციური უსწორმასწორობის მიუხედავად, რაც ყოველთვის როდია უცხო ჭოლა ლომთათიძის შემოქმედებისათვის, მისი პოეტური პროზა უახლესი ქართული ლიტერატურის ორიგინალური შენაძენია.
გადმოწერა Download
გადმოწერა Download
0 comments:
Post a Comment